
The Guardian: გერმანია ევროკავშირს რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვისკენ მოუწოდებს
გერმანია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების ტურისტული ვიზებით შესვლაზე შეზღუდვები გაამკაცრონ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბერლინის ეს მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც გერმანიაში მომხდარი ბოლო საბოტაჟის აქტების უკან ხელისუფლებამ მოსკოვი დაადანაშაულა.
გერმანიის ხელისუფლება იძიებს ბელარუსის მოქალაქის საქმეს, რომელსაც რუსეთის პასპორტიც აქვს. მას ლაიფციგის აეროპორტზე დრონებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით თავდასხმის მცდელობაში სდებენ ბრალს, იუწყება The Guardian-ი.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცი შენგენის ზონაში ტურისტული ვიზით შევიდა, რომელიც მას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იტალიის საელჩომ მისცა. უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, როგორც ჩანს, მას იტალიაში საერთოდ არ უმოგზაურია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ზედმეტად ბევრი ვიზა გაიცემა.
„ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული მიზნით გაცემული ვიზების რაოდენობა ძალიან მაღალია“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მთავრობასთან დაახლოებული წყაროების განცხადებით, რუსებისთვის გაცემული ვიზების დიდი რაოდენობა ეწინააღმდეგება უკრაინის ომთან დაკავშირებული სანქციების სულისკვეთებას და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის იმის დადგენას, ვინ შედის ევროკავშირში და რა მიზნით.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს შენგენის ვიზების ყველაზე მეტი რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის იტალიამ გასცა. Euractiv-ის ცნობით, იტალიაზე, საფრანგეთსა და ესპანეთზე ერთად რუსი მოქალაქეების მიერ შეტანილი საერთო სავიზო განაცხადების დაახლოებით 3/4 მოდიოდა.
გასულ წელს იტალიამ ბელარუსის მოქალაქეებისთვის სხვა ევროკავშირის ქვეყნებზე მეტი ვიზა გასცა. მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ევროკომისიის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც იტალიურმა გამოცემა Linkiesta-მ გააანალიზა, იტალიამ 2021 წელს ბელარუსის მოქალაქეებზე მხოლოდ 2 968 ვიზა გასცა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 50 709-მდე გაიზარდა.
მსგავსი ტენდენცია შეინიშნება რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაშიც. იტალიის მიერ რუსებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა 2021 წლის 63 894-დან 2025 წელს 165 ათასამდე გაიზარდა. ომის მიუხედავად, მაჩვენებელი თითქმის სამჯერ არის გაზრდილი.
გერმანიის მთავრობამ მიმდინარე კვირას კრემლის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ბერლინმა თქვა, რომ ლაიფციგში თავდასხმის სავარაუდო გეგმის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთის დაზვერვა იდგა, წერს The Guardian-ი.
გერმანიის მიერ დაანონსებულ ზომებს შორისაა ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვა, რუსეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება და ბალტიის ზღვაში მოქმედი რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ - ნავთობის უკანონოდ გადამზიდავი გემების - მონიტორინგის გამკაცრება.
ევროკავშირმაც გამოაცხადა სანქციების 22-ე პაკეტის შესახებ და განაცხადა, რომ გააფართოებს იმ რუსი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ლაიფციგის საქმეზე ბრალდებული ბელარუსის მოქალაქისთვის გაცემული ვიზის შემოწმება დაავალა.
„ვიზების გაცემის პროცესი არსებობს, რადგან გარკვეული მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ადამიანი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მის წინააღმდეგ კონკრეტული გაფრთხილება არ არსებობს, ვიზა გაიცემა. თუ ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ გაიცა ეს ვიზა“, - განაცხადა ტაიანიმ.
ესტონეთმა, ფინეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა პრაქტიკულად შეწყვიტეს და ეროვნულ დონეზე ევროკავშირის საერთო ზომებზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. თუმცა, ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი ქვეყანა კვლავ გასცემს დიდი რაოდენობით ვიზებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათი რაოდენობა გაზარდა, აღნიშნულია სტატიაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge