
ტრამპმა სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნების შემცირების შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სეულმა ირანთან ომში მონაწილეობაზე უარი თქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „არსებითად შეამცირებს“, მიზეზად კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან თავისი „ძალიან კარგი ურთიერთობა“ დაასახელა.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა აშშ-ს ირანის „დენუკლეარიზაციის“ საქმეში გვერდში არ დაუდგა.
„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირადღირებულია - თანაც ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები იხდის (როგორც ყოველთვის!), არამედ ისეთ სრულიად უადგილო და მტრულ სიგნალს აგზავნის“, - დაწერა ტრამპმა.
სეულმა განაცხადა, რომ აშშ-სთან ერთობლივი წვრთნები „გეგმისამებრ“ გაგრძელდება. ფხენიანს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ეს განცხადება მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ თვეში განხორციელებულ ბალისტიკური რაკეტების გამოცდებს, რაც გაეროს მიერ აკრძალულია.
ტრამპმა კვირას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ „გაუქმება უკვე გვიანია“, რადგან აშშ და სამხრეთ კორეა ყოველწლიური სამხედრო წვრთნების დაწყებას ორშაბათს გეგმავდნენ.
მან დასძინა: „ეს გარკვეულწილად ამ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება (?), თუმცა ახლახან ვკითხე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ისურვებდნენ თუ არა შემოგვიერთდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის დენუკლეარიზაციაში, რაზეც მათ მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!'“
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ტრამპმა სოციალურ ქსელში კიმ ჩენ ინთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი დიდი მეგობრები იყვნენ „ამ კონკრეტულ ფოტოზე არსებული არამეგობრული გამოხედვის მიუხედავად“.
მანამდე კი სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის სურვილის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც ნახევარკუნძულზე „დროებითი ზავის“ „მშვიდობის რეჟიმით“ ჩანაცვლება უნდა იყოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge