
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
„სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს. უნდა გავბედოთ და პირდაპირ ვთქვათ: თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია. ეს არის ის მინიმალური ზღვარი, რაც არსებული პოზიციების შესანარჩუნებლადაა საჭირო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.
ბუდანოვი ასევე მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ევგენი ხმარას მოსვლით მობილიზაციის საკითხში არაფერი შეიცვლება.
„ხმარას მოსვლით არსებითად არაფერი შეიცვლება, რადგან საჭიროება არსებობს - არანაკლებ 30 ათასი მოქალაქე. ეს კი ხალხის უზარმაზარი რაოდენობაა“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.
„შესაბამისად, რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ გაწვევას ახალი მეთოდებით განვახორციელებთ, ციფრები და მოთხოვნა მაინც იგივე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკმაყოფილო მოქალაქეების ნაკადიც არ შემცირდება. ამ რეალობას გვერდს ვერ აუვლით“, - დასძინა ბუდანოვმა.
ამასთან, ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. „ძალისმიერი მობილიზაციის“ მეთოდების შეცვლა და პროცესის ტაქტიკის გარკვეულწილად კორექტირება მაინც მოხერხდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge