ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთს სრულად დატოვებენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სომხეთში 1992 წლიდან იმყოფებიან, ქვეყანას სრულად დატოვებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„მადლობას ვუხდით რუს მესაზღვრეებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს საზღვრებს იცავდნენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო წლებში საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სრულად უნდა ავიღოთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი, ისევე როგორც რუსეთი, სუვერენული ქვეყანაა. „ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია ისევე, როგორც მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა პოლიტიკის განსაზღვრის დროს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
რუსი მესაზღვრეები სომხეთში 1992 წლიდან, თურქეთის და ირანის საზღვარზე, ასევე სხვა ლოკაციებზე იმყოფებიან. 2024 წლიდან ისინი სომხეთიდან ეტაპობრივად გადიან. პირველ ეტაპზე რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი და ზვართნოცის აეროპორტი დატოვეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის სხვადასხვა რაიონიდან რუსი სამხედროების და სამხედრო ობიექტების გაყვანა შეათანხმეს.
