თურქეთის თავდაცვის მინისტრი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა
თურქეთის თავდაცვის მინისტრი მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა. როგორც სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ანკარის იმ ძალისხმევაზე იქნება ფოკუსირებული, რომლის მიზანიც თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე ამერიკული სანქციების გაუქმებაა.
სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იაშარ გიულერი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს შეხვდება.
თურქეთი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მოხსნის სანქციებს, რომლებიც რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400-ის შეძენის გამო, „ამერიკის მოწინააღმდეგეების სანქციების მეშვეობით შეკავების აქტის“ (CAATSA) საფუძველზე დაწესდა.
შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები 2020 წელს დაუწესა და ანკარა F-35-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების პროგრამიდან გარიცხა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი ის დასახელდა, რომ S-400-ის არსებობამ შესაძლოა, რუსეთს ამ თვითმფრინავების შესაძლებლობების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საშუალება მისცეს.
ანკარა ასევე ცდილობს, დაასრულოს შეთანხმება ამერიკული წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენის თაობაზე.
