მაიკლ დელი: სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბი ხდება
Dell Technologies-ის დამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურა მაიკლ დელი აცხადებს, რომ სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ცენტრად ყალიბდება.
„სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბი ხდება. მოხარულნი ვართ, გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა Firebird AI-სთან, სომხეთში შემოვიტანოთ უფრო დიდი სიმძლავრის, მსოფლიო დონის გამოთვლითი რესურსები და ხელი შევუწყოთ ინოვაციების განვითარებას მთელ მსოფლიოში“, – წერს მაიკლ დელი LinkedIn-ზე.
მისი განცხადება უკავშირდება ამერიკულ კომპანია Firebird-თან თანამშრომლობის გაფართოებას. 20 ნოემბერს კომპანიამ გამოაცხადა, რომ სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების მომდევნო ეტაპზე კვლავ Dell Technologies-თან ითანამშრომლებს.
Firebird-ის ინფორმაციით, სომხეთში, ქალაქ ჰრაზდანში ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი კლასტერის პირველი ეტაპის მშენებლობა დასრულებულია და სისტემა უკვე ფუნქციონირებს. ის აგებულია Dell PowerRack-ის სისტემაზე, Dell PowerEdge-ის სერვერებსა და NVIDIA Blackwell-ის გრაფიკულ პროცესორებზე.
კომპანიის განმარტებით, ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომია მკვლევრებისთვის, დეველოპერებისა და კომპანიებისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, ავტონომიური სისტემების, კოსმოსური ტექნოლოგიებისა და ახალი მასალების კვლევაში.
შემდეგ ეტაპზე Firebird გამოთვლითი სიმძლავრეების გაზრდას გეგმავს, რათა შეძლოს ხელოვნური ინტელექტის მოდელების როგორც სწავლება, ისე მათი მუშაობის უზრუნველყოფა და მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციული მომხმარებლების მომსახურება.
სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი 2025 წლის ნოემბერში დაანონსდა. მაშინ Firebird-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა. Dell Technologies-მა პროექტისთვის მაღალი წარმადობის სერვერებისა და NVIDIA Blackwell-ის გრაფიკული პროცესორების მიწოდების შესახებ განაცხადა.
2026 წლის 8 აგვისტოს ჰრაზდანში პროექტის პირველი ეტაპი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და NVIDIA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი.
Firebird-ის მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, სომხეთში პროექტის გაფართოების შედეგად, 2027 წლის ბოლომდე ინფრასტრუქტურაში 70 000-ზე მეტი NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორის განთავსებაა გათვალისწინებული, ხოლო სიმძლავრე 300 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს. კომპანია აცხადებს, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი სომხეთიდან საერთაშორისო მომხმარებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი რესურსების მიწოდებაა.
პროექტის ერთ-ერთ პირველ მომხმარებლად დასახელებულია ამერიკული კომპანია Perplexity, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საძიებო სისტემასა და ციფრულ ასისტენტს ავითარებს.
