ქუთაისში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან 15 ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანენ
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი მივიდა.
მისი თქმით, კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანა მოხდება, მათ სასტუმროებში დაბინავებენ.
როგორც დავით ერემეიშვილმა განაცხადა, კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება, მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა.
„ზურაბ ჭავჭავაძის 50-ში ამ დილით მოხდა გაზის გაჟონვის ფაქტი, წინასწარი ვარაუდით, რამაც გამოიწვია აფეთქება. დაზიანებულია კორპუსის მეხუთე სართული, სადაც უშუალოდ მოხდა ეს დაზიანება. მარტოხელა ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა ამ კორპუსში, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, უტარდება გამოკვლევები, კონტაქტური არის. მისგან მიღებული ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება.
ვიზუალური დათვალიერებით, მხოლოდ ამ საცხოვრებელში აღინიშნება დაზიანება. ადგილზე მუშაობს გაზის კომპანია, ცოტა ხანში მოვლენ სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებენ კორპუსის მდგრადობას და რამდენი ოჯახის გაყვანა მოგვიწევს ამ ეტაპზე. ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რომლებსაც უკვე მოვუძიეთ სასტუმროები“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
შემთხვევა დღეს, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე საერთულზე მოხდა.
დაზიანება მიიღო მხოლოდ ერთმა ქალმა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
აფეთქების დროს გამოწვეული ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. ხუთსართულიანი კორპუსიდან ევაკირებულია მოსახლეობა.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სოკარის წარმომადგენლები.
