TI საქართველო: ქობულეთის საბავშვო ბაღების მშენებლობა ჭიანურდებოდა, ხოლო მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა იზრდებოდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქობულეთის სოფლების – ხალას, გვარასა და ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღების ტენდერები შეისწავლა, სადაც ორგანიზაციის თქმით, მშენებლობა წლობით ჭიანურდებოდა, ხოლო მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები პერიოდულად მნიშვნელოვნად იზრდებოდა.
„ხელშეკრულებებში ჯამურად 43 ცვლილება შევიდა და სამივეგან ერთი და იგივე სქემა გამოიკვეთა: თავდაპირველად გამარჯვებული კომპანია იღებს სოლიდურ ავანსს, საქმეს შუა გზაში ტოვებს, მერია კი ახალ, გაძვირებულ ტენდერს აცხადებს, რომელსაც უკონკურენტოდ იგებენ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფირმები”, – ნათქვამია მოკვლევაში.
კვლევის თანახმად, სოფელ გვარაში სამუშაოები სამი წლის დაგვიანებით დასრულდა და თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 1 008 814 ლარით მეტი დაიხარჯა. თავდაპირველად, შპს „ბილდ მენეჯმენტმა“ 149 487 ლარი მიიღო და მშენებლობა ვერ დაასრულა. ამის შემდეგ მერიამ ღირებულება 2 065 000 ლარამდე გაზარდა, ტენდერში კი უკონკურენტოდ და ფასდაკლების გარეშე გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და მსხვილი შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ“ (რომელსაც დღეს მისი ქალიშვილები ფლობენ). ორგანიზაცია ამბობს, რომ მოგვიანებით, მერიამ კომპანიას ვადებიც გადაუწია და თანხა კიდევ გაუზარდა.
TI საქართველოს თქმით, სოფელ ქვედა კვირიკეში მშენებლობის დასრულება ოთხი წლის დაგვიანებით, 2026 წლის ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. ამ პერიოდის განმავლობაში მშენებლობის ხარჯი დამატებით 887 287 ლარით გაიზარდა. კვლევის თანახმად, მშენებელი კომპანია აქაც „ბილდ მენეჯმენტი“ იყო, რომელმაც 271 458 ლარი მიიღო და სამუშაო შეწყვიტა. კვლევის თანახმად, ხუთი ჩაშლილი მცდელობის შემდეგ, მეექვსე ტენდერში 1 949 889 ლარით უკონკურენტოდ გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ შემწირველმა შპს „მშენებელმა“. კონტრაქტი 16 ჯერ შეიცვალა, 187 179 ლარით გაძვირდა, კომპანიას კი ავანსად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაერიცხა.
რაც შეეხება სოფელ ხალას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თქმით, მშენებლობა თავდაპირველი ვადიდან თითქმის ოთხი წლის დაგვიანებით დასრულდა და თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 221 422 ლარით მეტი დაიხარჯა. კვლევის მიხედვით, ამხანაგობა „ნიკამ“ ხელშეკრულების ღირებულების 85% – 1 160 566 ლარი წინასწარ მიიღო, კონტრაქტში 17 ცვლილების შეტანის მიუხედავად, საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, მერიას კი დარჩენილი სამუშაოებისთვის დამატებით 418 401 ლარის ხელშეკრულების გაფორმება მოუწია შპს „ბზასთან“ კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ.
„უხარისხო დაგეგმვით, კონტროლის მოშლითა და ფავორიტ კომპანიებზე გაცემული გაძვირებული ტენდერებით ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ბავშვებს წლობით წაართვა საბავშვო ბაღები, ბიუჯეტს კი ასობით ათასი ლარი დააკარგვინა”, – წერს ორგანიზაცია.
