
ხელისუფლების ოპონენტებს შორის Facebook-პოსტებით ბრძოლა გრძელდება - დაპირისპირების მთავარი გმირი კვლავ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია
ხელისუფლების ოპონენტებს შორის Facebook-პოსტებით ბრძოლა გრძელდება. სააკაშვილი-გვარამიას დაპირისპირების ფონზე, ბრალდებები ისმის ძველ თანაპარტიელებსა და თანამოაზრეებს შორისაც. ყოფილ ლიდერს ამჯერად "ფედერალისტები" აკრიტიკებენ. თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებაში მყოფ კოლეგებს, დისკუსიის ნაცვლად, მათთან ურთიერთობის ახალ მეთოდს სთავაზობს.
ფედერალისტების ლიდერის მორიგი თავდასხმისგან მიხეილ სააკაშვილის დაცვა ამჯერად თაკო ჩარკვიანმა სცადა. ჩარკვიანისთვის სამარცხვინო სანახაობაა ორ ბანაკად გაყოფილი ოპოზიციის ურთიერთბრალდებების მოსმენა.
ოპოზიციაში დაწყებული ახალი დაპირისპირების მთავარმა გმირმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს დუმილი აირჩია - რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, ბოლო 24 საათში წერილი აღარ გავრცელებულა. მისმა თანაპარტიელებმა კი, ჩერგოლეიშვილის თავდასხმას თავდასხმითვე უპასუხეს.
ხელისუფლების ოპონენტებს შორის დაპირისპირება მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის თვითდესტრუქციის მაჩვენებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ქვეყნის გარედან მართული აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამჯერად, სამშობლოს პარალელურად, ერთმანეთსაც ებრძვიან.
მოსყიდულები, მითვისებული მილიონები და გაძარცული ტელევიზიები - ოპოზიციის მორიგი დაპირისპირების ტალღა მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის ურთიერთბრალდებებით დაიწყო. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა ყოფილი თანაპარტიელი ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლითაც გვარამიამ თქვა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითად კი ფაშინიანი და ყარაბაღის დათმობა მოიყვანა. დაპირისპირებაში ჩაერთო ანა წითლიძეც, რომელმაც გვარამია "რუსთავი 2-ის", "მთავარი არხისა" და თავად "ნაციონალური მოძრაობის" მძარცველად საჯაროდ გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილი კი დამარცხების რეპეტიციაზე ალაპარაკდა და გვარამიას ე.წ. ოპოზიცია უწოდა, რომელთან ერთად ბრძოლაში შესვლა საშიშია.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge