რა გავლენას მოახდენს Starlink-ის რუსული ანალოგი ბრძოლის ველზე?!
2026 წლის შემოდგომის მიწურულს რუსეთმა ორბიტაზე გაიყვანა თანამგზავრული დაჯგუფება „რასვეტის“ („განთიადი“) ოცდაათამდე კოსმოსური აპარატი, რომლებიც რუსეთის არმიას საშუალებას აძლევენ, შეზღუდულად (სატესტო რეჟიმში) გამოიყენოს საკუთარი თანამგზავრული კავშირი უკრაინის წინააღმდეგ ომში.
სპეციალისტების ეს შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის პირველ ნაბიჯებად საკუთარი დაცული საკომუნიკაციო სისტემის შექმნის გზაზე, რომელმაც ამერიკული კომპანია Starlink-ის სერვისზე დაკარგული წვდომა უნდა ჩაანაცვლოს. მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის არმიას მნიშვნელოვნად შეეზღუდა ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) მონაცემებით, რუსეთის დაბალორბიტალური თანამგზავრული დაჯგუფების 30-დან ორი აპარატი ჩამოვარდა ორბიტიდან, 26-მა კი დედამიწის გარშემო სტაბილური პოზიცია დაიკავა და უკვე ფუნქციონირებს, მათ შორის უკრაინის ბრძოლის ველზეც.
რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის პროექტმა „დონბას.რეალიიმ“ შეისწავლა რუსეთის დაბალორბიტალური თანამგზავრული დაჯგუფების პროგრამის დღევანდელი მდგომარეობა. გამოცემა ესაუბრა უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც რუსეთის თანამგზავრულმა კავშირმა შეიძლება შეუქმნას უკრაინის თავდაცვას.
როგორც „დონბას რეალიის“ წყარო უკრაინის თავდაცვის ძალებში ამბობს, საკმარისზე მეტია ბრძოლის ველზე რუსეთის თანამგზავრული კავშირის გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ჯერჯერობით ეს მუდმივი პროცესი არ არის და კავშირის ცალკეული სესიებით შემოიფარგლება.
რუსეთის არმია იღებს მონაცემებს, რომლებიც მნიშვნელოვანია „რასვეტის“ მომავალში სისტემური გამოყენებისთვის. მოსკოვი რასვეტს“ წარმოაჩენს ამერიკული Starlink-ის ანალოგად და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას უკვე 2027 წლისთვის ელის.
საბრძოლო მოქმედებების დროს თანამგზავრული კავშირის უპირატესობებს ნათლად აჩვენებს უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცდილება: სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსების მასობრივი გამოყენება, საშუალო სიშორის დამრტყმელი დრონები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში ურტყამენ, და ჯარების მართვის მდგრადი სისტემა, რომლის ფარგლებშიც თითქმის ყველა პოზიცია (ქვეითი დანაყოფების პოზიციების გარდა) მუდმივ კავშირშია ერთმანეთთან.
სტაბილური კავშირი ჯარების მართვას უფრო ეფექტიანს ხდის - უპილოტო საფრენი აპარატები მუდმივად აწარმოებენ დაზვერვას, მათ მიერ გადაღებული გამოსახულება კი პირდაპირი ვიდეოტრანსლაციის სახით მიეწოდება სამეთაურო პუნქტებს.

ეს სადაზვერვო ინფორმაცია კოორდინაციას უწევს უკრაინული ძალების მოქმედებებს და რუსეთის ჯარებს წინსვლის საშუალებას არ აძლევს. ეს მხოლოდ ცალკეული მაგალითებია იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს თანამგზავრულ კავშირს ბრძოლის ველზე ყოველდღიურ რეჟიმში.
„გაართულებს თუ არა „რასვეტი“ დაპირისპირებას [ბრძოლის ველზე]? რა თქმა უნდა, გაართულებს. მომსახურების მასშტაბით ან ხარისხით Starlink-თან ვერ მოვა, მაგრამ შესაძლებლობები მსგავსი აქვს“, - განაცხადა „დონბას.რეალიისთან“ საუბარში პროექტ „სახალხო სტარლინკის“ დამფუძნებელმა და თანამგზავრული კავშირის სპეციალისტმა ვოლოდიმირ სტეპანეცმა.
არალეგალური Starlink
რუსეთის არმია წლების განმავლობაში იღებდა ამერიკული თანამგზავრული კავშირის ასობით ტერმინალს, რომლებსაც მესამე ქვეყნების გავლით ყიდულობდნენ, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
ეს ტერმინალები უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა დონის სამეთაურო პუნქტების მუშაობასა და პოზიციებთან კავშირს. ამასთან რუსული არმია ტერმინალებს სულ უფრო ფართოდ იყენებდა.
2026 წლის ზამთარში რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საშუალო სიშორის დრონების იერიშების გასაფართოებლად, რომლის ფარგლებშიც ამერიკული კომპანიის ტერმინალებით აღჭურვილმა რუსულმა დრონებმა БМ-35-მა და „მოლნიამ“ უკრაინის ზურგში მდებარე ობიექტებზე მასირებული შეტევები დაიწყეს.
ამის გამო უკრაინამ თანამგზავრული კავშირის ტერმინალებისთვის ე.წ. „თეთრი სიების“ შემოღების ინიციატივა წამოაყენა, რაც გულისხმობდა დამატებით რეგისტრაციას, რომლის გარეშეც ტერმინალები აღარ მუშაობდა.
იერიშები შეწყდა, რამაც რუსებს ჯარების მართვა გაურთულა. უკრაინულ ძალებს კი პირიქით, წინსვლის მეტი შესაძლებლობა მიეცათ (მაშინ დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შეტევით ოპერაციები ტარდებოდა).
„ეს კოლაფსი ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას იძენს ბრძოლის ველზე ქვედანაყოფებსა და სარდლობას შორის კავშირის არარსებობა, ისევე როგორც თავად კავშირის ხარისხი და საიმედოობა“, - განმარტავს ვოლოდიმირ სტეპანეცი.
შესაბამისად, თანამგზავრული კავშირის დაბრუნება, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობებით, გავლენას მოახდენს რუსეთის არმიის საბრძოლო პოტენციალზე.
„რასვეტის“ ორბიტაზე განთავსება
რუსული თანამგზავრული დაჯგუფების „რასვეტის“ კოსმოსური აპარატები ორბიტაზე ორჯერ გაიყვანეს (საცდელი გაშვებების გამოკლებით). ორივე გაშვება პლესეცკის კოსმოდრომიდან განხორციელდა მიმდინარე წლის 23 მარტსა და 19 ივლისს.
2026 წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო მესამე გაშვება, რომელსაც თანამგზავრული დაჯგუფების რაოდენობა 48 აპარატამდე უნდა გაეზარდა, თუმცა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, გაშვება გააუქმეს ან გადადეს.
„თანამგზავრები 500 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებიან. სამიზნე სიმაღლე 800 კილომეტრია. თუმცა უკვე ახლა ისინი პოლარულ ორბიტებზე ორ სიბრტყეს იკავებენ და უკრაინის თავზე გადაფრენას ახერხებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი კავშირი გამოცადონ და გარკვეული ოპერაციებისა და მისიებისთვის გამოიყენონ“, - განუცხადა „დონბას.რეალიის“ ანონიმურმა წყარომ.
6 ნოემბერს სააგენტო Reuters-მა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაში უკვე გამოიყენეს რუსეთის თანამგზავრული კავშირი. თუმცა საჯარო სივრცეში ჯერჯერობით არ გამოჩენილა რუსული თანამგზავრული ტერმინალების გამოყენების ასპროცენტიანი მტკიცებულებები. ერთ-ერთი ირიბი მტკიცებულებაა მოიერიშე დრონების „გერანების“ ნამსხვრევები, რომლებზეც „ბიურო 1440-ის“ ლოგოა გამოსახული.
„ტროლინგი კიდევ უფრო გახშირდება. მაგრამ ყურადღება ამას კი არ უნდა მივაქციოთ, არამედ მათ პირველ ტესტირებას და სერიული წარმოების მომზადების შესახებ პირველ განცხადებებს. <...> „ბიურო 1440-ის“ ბოლო პრეზენტაციებზე წარმოდგენილი მოწყობილობა Starlink Mini-ის ანალოგია - მსუბუქი და პატარა ტერმინალი. ვაკანსიებსაც გადახედეთ - ეს უკვე ჩამოყალიბებული ეკოსისტემაა, ათასობით თანამშრომლისა და მაღალტექნოლოგიური საწარმოო ჯაჭვების მქონე კომპანია. არსებობს კი რაიმე ეჭვი, რომ ეს ტერმინალები და თანამგზავრები სერიულად იწარმოება? მე ეჭვი არ მეპარება“, - დარწმუნებულია ვოლოდიმირ სტეპანეცი.
აქვე უნდა ვახსენოთ რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობა თანამგზავრული კავშირის ევროპულ პროვაიდერ OneWeb-თან. 2022 წლის მარტში, როდესაც ბაიკონურის კოსმოდრომზე (ყაზახეთი) 36 თანამგზავრის ორბიტაზე გადამტანი რაკეტა უკვე გასაშვებად იყო მზად, „როსკოსმოსმა“ ბრიტანულ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და მას კოსმოსური აპარატები აღარ დაუბრუნა.
„მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთმა OneWeb-ის თანამგზავრები მიიტაცა და ამის გასამართლებლად პოლიტიკური არგუმენტები მოიშველია. როგორია ალბათობა იმისა, რომ „ბიურო 1440-ის“ ინჟინრებს საკუთარი სისტემის შემუშავებისას ეს თანამგზავრები და მათთან ტექნოლოგიურად დაკავშირებული ყველაფერი არ შეესწავლათ? ამ კითხვას ღიად დავტოვებ, რადგან მასზე პასუხი არ არსებობს. ამ ისტორიაში მონაწილე არაერთი ადამიანი, რომელსაც OneWeb-თან კავშირი სურდა, ახლა „ბიურო 1440-თან“ არის მჭიდროდ დაკავშირებული“, - დასძენს თანამგზავრული კავშირის სპეციალისტი.

„ბიურო 1440“ - რუსეთის თანამგზავრული კავშირის სისტემის მშენებელი მთავარი კომპანიაა. საჯაროდ ბიურო არაფერს ამბობს „რასვეტის“ სამხედრო დანიშნულებით გამოყენებაზე.
მაგალითად, როგორც დაზვერვაში აცხადებენ, კომპანია დაპირებას იძლევა, რომ დაამონტაჟებს ტერმინალებს მატარებლებზე, მათ შორის მაღალსიჩქარიან მატარებლებზე, რომლებიც 400 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ. კავშირს ამოწმებენ ყინულმჭრელ გემებსა და რუსეთის შორეულ რეგიონებში, ხოლო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ტერმინალის წარდგენას 2028 წლისათვის გეგმავენ.
„დონბას.რეალიის“ წყაროს განმარტებით, იმის გამო, რომ რუსეთის თანამგზავრული დაჯგუფება ორბიტაზე 30 აპარატზე ნაკლებს აერთიანებს, კავშირის სეანსები დროში შეზღუდულია. ეს ეხება თანამგზავრების უკრაინის თავზე გამოყენებასაც.
„თანამგზავრების არსებული დაჯგუფება მტერს საშუალებას აძლევს, დღეში სულ მცირე ორი საკომუნიკაციო ფანჯარა ჰქონდეს, თითოეული 1-დან 2 სთ-მდე ხანგრძლივობით. ეს საკმარისია იმისთვის, რომ, მაგალითად, „შაჰედი“ უკრაინის ტერიტორიის თავზე, კიევამდე მიიყვანონ“, - ამბობს წყარო.
მისი განმარტებით, მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად თანამგზავრები ერთიან ორბიტულ თანავარსკვლავედად (ჯგუფებად) უნდა განლაგდნენ. ამჟამად აუცილებელი პირობაა: თანამგზავრმა უკრაინის ტერიტორიას გადაუფრინოს, სიგნალი კი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სახმელეთო სადგურიდან აირეკლოს.

„როდესაც დაჯგუფება სრულად განლაგდება, ანუ როდესაც თანამგზავრების რაოდენობა დაახლოებით 300-ს მიაღწევს, ეს პირობა აუცილებელი აღარ იქნება. მაშინ დაჯგუფების ნებისმიერ თანამგზავრს ექნება მუდმივი საკომუნიკაციო არხი“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.
300 - ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამერიკული Starlink-ის ქსელის თანამგზავრების რაოდენობა, რომელთა რიცხვი მუდმივად იცვლება, თუმცა ამჟამად ორბიტაზე Starlink-ის 10 000-ზე მეტი აპარატია. ამასთან, სრულფასოვანი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად რუსეთისთვის 150 თანამგზავრიც საკმარისი იქნება.
საფრთხე საზღვრების გარეშე
ახლაც კი რუსეთის დრონები და რაკეტები რეგულარულად შედიან ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცეში, ხოლო უპილოტო კატარღებმა და იმავე ტიპის საფრენმა აპარატებმა ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში რამდენიმე სამოქალაქო გემს მიაყენეს ზიანი. სტაბილური საკომუნიკაციო სისტემის გაჩენამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს ინციდენტები, რომლებსაც ევროპაში „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებენ.
„ევროპის ქვეყნებს უკვე უწევთ სხვადასხვა, გაურკვეველი წარმოშობის დრონებთან გამკლავება, რომლებიც სამხედრო ბაზების თავზე დაფრინავენ ან სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სიახლოვეს ტრიალებენ. ამჟამად ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ მათ წინააღმდეგ მოქმედება და მათი საკომუნიკაციო წყაროს დადგენა. დრონისთვის კავშირის უზრუნველყოფა ხომ ურთულესი ტექნიკური ამოცანაა. როდესაც რუსული თანამგზავრული დაჯგუფება სრულად განლაგდება, შეუძლებელი გახდება იმის იდენტიფიცირება, რა ტიპის დრონია ეს და საიდან მოფრინდა“, - განუცხადა „დონბას.რეალიის“ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.
ამჟამად რუსეთის თანამგზავრები თითქმის 70 ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ის ტერიტორიის თავზე დაფრინავენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვს ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და აფრიკის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რუსეთმა ტექნოლოგიაზე წვდომა შესაძლოა საზღვარგარეთიდანაც მიიღოს.
„აგრესორი ქვეყანა, რომელსაც ძალის დემონსტრირების გეგმები აქვს არა მხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რომელსაც ჰყავს ისეთი მოკავშირეები, როგორებიც არიან ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები, საკუთარი [თანამგზავრული დაჯგუფების] ვერსიის შექმნას ამზადებს, – აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, - ჩემი აზრით, საფრთხე გაცილებით ფართოა. სწორედ იმიტომ, რომ საქმე რაღაც ჰიპოთეზურს არ ეხება. საკითხავი ის კი არ არის, შესაძლებელია თუ არა ეს, არამედ ის, როდის ამოქმედდება და რა მასშტაბებს მიაღწევს. ეს რეალური საფრთხეა. თანაც არა ხვალინდელი, არამედ დღევანდელი. ახლა მთავარი მისი მასშტაბების გაზრდაა და არა ის, საერთოდ შესაძლებელია თუ არა ამის განხორციელება“.
„რასვეტთან“ დაკავშირებული გეგმები
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГУР) ორიოდე კვირის წინ განაცხადა, 2027 წელს რუსეთი აპირებს ორბიტაზე გაიყვანოს 240 აპარატი. ამ რაოდენობის თანამგზავრებმა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიის 90%-ზე მეტი უნდა დაფარონ. სპეციალისტების ვარაუდით, სწორედ მომავალი წლის პირველ ან მეორე კვარტალში უკრაინა იგრძნობს ამ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგებს, - ამბობს გამოცემა „დონბას.რეალიის“ წყარო.

„ამ ყველაფერს დავუმატოთ ისიც, რომ მომავალ წელს მტერი „გერანის“ გაუმჯობესებული ვერსიების - „გერან-6“-ის, „ლანცეტებისა“ და „მოლნიების“, ასევე უფრო სწრაფი ფრთოსანი რაკეტების (მაგ. „ფილინის“) და სხვა სისტემების გამოყენებას გეგმავს. თუ ამას დავუმატებთ ყველა ამ საშუალების დაცული თანამგზავრული კავშირის მეშვეობით მართვის შესაძლებლობას, დარტყმები უფრო ზუსტი და საჰაერო თავდაცვისთვის უფრო რთულად მოსაგერიებელი გახდება“, - ამბობს უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.
ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე ახალი ტექნოლოგიის მასობრივად გამოყენების ეფექტი უკვე შესამჩნევია. საუბარია რუსეთის არმიის მიერ Mesh-კავშირის მეშვეობით მართვადი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე, როდესაც ოპერატორი დრონს რეალურ დროში მართავს.
ეს ტექნოლოგია მოძრავ სამიზნეებზე თავდასხმის საშუალებას იძლევა. Mesh-კავშირის ნაკლოვანებებს შორისაა რელიეფზე დამოკიდებულება, რეტრანსლატორის საჭიროება და მაღალი ღირებულება. როგორც „დონბას.რეალიის“ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში განუცხადეს, ჩინურ სავაჭრო პლატფორმებზე Mesh-მოდემის ერთი ეგზემპლარი 5000 დოლარზე მეტი ღირს, რაც Starlink-ის მოწყობილობის ფასს რამდენჯერმე აღემატება.
რამდენი ღირს რუსეთის თანამგზავრული კავშირის ტერმინალი, უცნობია. საჯარო სივრცეში ამის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებას აფერხებს უცხოურ კომპონენტებზე დამოკიდებულება. ასეთი დამოკიდებულება რუსეთის მრეწველობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და სანქციების მიუხედავად, რუსეთი საკუთარ პროდუქციაში, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ნაწარმში, უცხოური კომპონენტების გამოყენების შესაძლებლობას მაინც პოულობს.
დასავლური ქვეყნების (აშშ-ის, კანადის, ევროპული სახელმწიფოებისა და სხვათა) კომპონენტებს ნაწილობრივ ჩინური წარმოების დეტალები ანაცვლებს.
„ეს მოწინააღმდეგის სტრატეგიული მიმართულებაა. ამაზე ფულს არავინ დაინანებს“, - ამბობს „დონბას.რეალიის“ წყარო.
თანამგზავრული კავშირის სისტემის შექმნისა და გაფართოების საწარმოო ჯაჭვში ჩართულია სულ მცირე 46 რუსული და სამი ბელარუსული კომპანია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, მათგან დაახლოებით ნახევარი, მათ შორის კომპანია „ბიურო 1440“, სანქციების ქვეშ არ იმყოფება.
„ჩვენი ამოცანაა, არ გავიმეოროთ მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შეუფასებლობით დაშვებული შეცდომები და მოვემზადოთ იმისთვის, რომ გაშვების არსებული ტემპიც კი - კვარტალში ერთი გაშვება – მოწინააღმდეგეს უკრაინის ტერიტორიის დაფარვის არეალის რამდენჯერმე გაზრდის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.
გაშვების ტემპი
„რასვეტთან“ დაკავშირებული ყველა გაშვება მხოლოდ კოსმოდრომ „პლესეცკიდან“ განხორციელდა, რომლის დროსაც გადამტან რაკეტად „სოიუზ-2.1ბ“ გამოიყენებოდა. თუ ეს პარამეტრები უცვლელი დარჩება და, მაგალითად, უფრო დიდი ტვირთამწეობის მქონე გადამტან რაკეტას არ გამოიყენებენ, თანამგზავრული კავშირის სრულფასოვანი სისტემის შესაქმნელად რუსეთს კიდევ 18 გაშვება დასჭირდება, ამბობს ვოლოდიმირ სტეპანეცი.
„ყოველი გაშვების შემდეგ თანამგზავრებმა განვითარების გარკვეული ეტაპები უნდა გაიარონ: ჯერ შუალედურ ორბიტაზე ავიდნენ, შემდეგ ერთგვარ ჯაჭვად განლაგდნენ და ბოლოს სამუშაო ორბიტას მიაღწიონ. ამ პროცესს რამდენიმე თვე სჭირდება. ანუ მათი შეჩერება ორბიტაზე უკვე შეუძლებელია, - აღნიშნავს თანამგზავრული კავშირის სპეციალისტი. - ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ის არის, თუ თანამგზავრი რაიმე მიზეზით მწყობრიდან გამოვა. ასეთ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან ეს თანამგზავრი ატმოსფეროს მკვრივ ფენებში დაიწვება. არავინ იცის, რამდენად ხშირად შეძლებს რუსეთი მათ გაშვებას“.
ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის კოსმოსური სტარტების საერთო რაოდენობა წელიწადში 17-19-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა გაშვებები მხოლოდ „პლესეცკიდან“ არ ხორციელდება. ამისთვის ასევე გამოიყენება „ბაიკონურისა“ და „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომები, საიდანაც 2026 წელს 16 გაშვება განხორციელდა.
„რასვეტთან“ ბრძოლა
აგვისტოში უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სამარაში სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ დააზიანეს. სწორედ ამ საწარმოში აწყობენ „სოიუზის“ ტიპის გადამტან რაკეტებს, რომლებითაც „რასვეტის“ თანამგზავრები ორბიტაზე გაჰყავდათ.
ასეთი დარტყმებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის კოსმოსური თანამგზავრული დაჯგუფების განლაგების წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდი უშუალოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაა. თავის მხრივ, უკრაინა უკვე აწყდება რუსეთის მცდელობებს, ჩაახშოს Starlink-ის სიგნალი, რაც უპირველესად, უპილოტო საფრენ აპარატებს აზარალებს. ელექტრონული ბრძოლის (РЭБ) ასეთ სისტემებს მნიშვნელოვან ობიექტებზე (მაგალითად აეროპორტებთან) ათავსებენ.
„ასეთი სისტემების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმ თანამგზავრების რაოდენობაზე, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიას ფარავენ; ასევე დამოკიდებულია მათ მიერ გამოყენებულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. ეს ძალიან რთული ამოცანაა. თანამგზავრები ძალიან სწრაფად მოძრაობენ: ჰორიზონტზე გამოჩენიდან გაქრობამდე ანუ ერთი კიდიდან მეორემდე, მხოლოდ 7-15 წუთი სჭირდებათ. ამიტომ საჭიროა, რადიოსიგნალის ჩამხშობი მოწყობილობის გამოსხივება ზუსტად მათკენ იყოს მიმართული. არსებობს უამრავი გამოწვევა, რომელთა გადაჭრაც არსებულ ტექნოლოგიას არ შეუძლია. შესაბამისად, არ შეუძლია სიგნალის საიმედოდ ჩახშობის უზრუნველყოფა“, – განმარტავს ვოლოდიმირ სტეპანეცი.
სპეციალისტის თქმით, უკვე არსებობს ასეთი „ჩამხშობების“ ათობით მოდელი. რუსეთის ყველაზე ცნობილი კომპლექსი „ვოლნა კუპოლ გარანტი“ თავდაპირველად რამდენიმე დიდი კონტეინერის სახით გამოიყურებოდა, თუმცა მისი ზომები თანდათან მცირდება და ჰაერიდან მისი შემჩნევა სულ უფრო რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპლექსი უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას არ იძლევა, სამიზნის განადგურებას მნიშვნელოვნად ართულებს.
ამიტომ მოსალოდნელია, რომ თანამგზავრული კავშირის ჩამხშობი მსგავსი სისტემები უკრაინაშიც გამოჩნდნენ, რათა რუსეთის თანამგზავრებიდან წამოსული სიგნალი ჩაახშონ. თუმცა, როგორც ვოლოდიმირ სტეპანეცი ამბობს, ასეთი სისტემები ძალიან ძვირია.
