
2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ანაკლიის პორტის და გზის მშენებლობისთვის ₾155 მილიონია გათვალისწინებული
ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი პარლამენტს წარუდგინა - დოკუმენტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 155 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნული თანხიდან უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ტალღმტეხელის და ფსკერის დაღრმავების სამუშაოებისთვის 125 მილიონი ლარი, ხოლო პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის 30 მილიონი ლარი.
პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს 2024 წლის აგვისტოში, ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში. თავდაპირველად აღნიშნული კონტრაქტი 204 მილიონი დოლარი იყო, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე ის 150 მილიონ დოლარამდე დაკორექტირდა. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში წელს გადახდები 50 მილიონ ლარზე, ხოლო მომდევნო წელს კი 125 მილიონ ლარზე არის დაგეგმილი.
რაც შეეხება მისასვლელი გზის მშენებლობას, პორტთან დაკავშირებისთვის საჭიროა 18-კილომეტრიანი მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 45 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, რაც ძირითადად გზისთვის აუცილებელი მიწის გამოსყიდვას მოიცავს. 2027 წლის ბიუჯეტით კი პროექტზე 30 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, ამასთან 2028 წელს 150 მილიონი ლარის; 2029 წელს 170 მილიონი ლარის; 2030 წელს კი 40 მილიონი ლარის, პროექტის საერთო ღირებულებად კი 442 მილიონი ლარი არის მითითებული.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წელს გაკეთებული განცხადებების თანახმად, პორტმა პირველი გემები 2029 წელს უნდა მიიღოს, თუმცა როგორც ბიუჯეტის პროექტში არის აღნიშნული, მისასვლელი გზის მშენებლობა მხოლოდ 2030 წელს დასრულდება. ბიუჯეტის პროექტში მითითებულია, რომ პროექტის დაფინანსებაზე აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ამასთან, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის მითითებული ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი რკინიგზის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია. არსებული მდგომარეობით პროექტზე კვლავ მიმდინარეობს ADB-სთან მოლაპარაკებები.
2026 წლის პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.
ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
BM.GE
წყარო: bm.ge