
ბოიკოტში მყოფი დეპუტატების ხელფასების ხარჯზე, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტი ₾10 მლნ-ზე მეტით მცირდება - პროექტი
პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტი 91.5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებელზე 10.4 მლნ ლარით ნაკლებია. შემცირება უკავშირდება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, 2026 წლის ბიუჯეტიდან პარლამენტში არ შესული 49 წევრის ხელფასების ამოღებას.
აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
მისი განცხადებით, 2027-2029 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტის ბიუჯეტის საერთო საპროგნოზო მოცულობა თავდაპირველად 102 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა კორექტირების შემდეგ ბიუჯეტი 91.54 მლნ ლარი გახდა.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პარლამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა უცვლელი რჩება და კვლავ 708 ერთეულს შეადგენს. კახა ოქროჯანაშვილმა კომიტეტის წევრებს ეკონომიკური მუხლების დეტალური მონაცემებიც გააცნო:
• შრომის ანაზღაურება: მუხლი 45.861 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 0.3 მლნ ლარით ნაკლებია. • საქონელი და მომსახურება: არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ეს მუხლი 0.8 მლნ ლარით გაიზარდა და 34.080 მლნ ლარს შეადგენს. • გრანტები და სოციალური უზრუნველყოფა: ორივე მუხლი უცვლელი რჩება - გრანტებისთვის 0.15 მლნ ლარია გათვალისწინებული, ხოლო სოციალური უზრუნველყოფისთვის 0.9 მლნ ლარი. • სხვა ხარჯები: აღნიშნული მუხლი 157 ათასი ლარით გაიზარდა და 4.511 მლნ ლარი შეადგინა. აპარატის უფროსის თქმით, ეს ზრდა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ყოველწლიურ მატებას უკავშირდება. • არაფინანსური აქტივების ზრდა: 2027 წლისთვის ამ მიმართულებით 6.042 მლნ ლარია გათვალისწინებული. ოქროჯანაშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და ლიცენზიების (IT, ტელევიზია, სამეურნეო აქტივები) მოდერნიზებას, განახლებასა და შესყიდვას მოხმარდება.
კახა ოქროჯანაშვილის განცხადებით, პარლამენტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის რეგლამენტის 143-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობითა და არსებული საპროგნოზო ტენდენციების გათვალისწინებით შემუშავდა.