
"ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა..." - ოზურგეთის მერი გადადგა
ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება მერიის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ის აცხადებს, "ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა".
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი. ბიუჯეტის ათვისების და პროექტების განხორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც ამ მცირე დროის პერიოდში მივაღწიეთ. მიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში.
ამ ფონზე, საზოგადოებისთვის არახალია, რომ აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე. ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ, ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა… ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, სათანადოდ დააფასონ ის ადამიანები, ვინც წლებია პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს და მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე.
უდიდესი მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს - ადამიანებს, ვინც ამ გზაზე გვერდში მედექით, თქვენი თავდადებითა და გვერდში დგომით, ჩვენ დღეს უკეთეს და უფრო ძლიერ ოზურგეთში ვცხოვრობთ.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძვირფას ოზურგეთელებს, თქვენი თანადგომა, სიყვარული იყო ჩემი მთავარი ძალა, პასუხისმგებლობა და სიამაყე.
ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და მის ლიდერებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის — მე ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად", - წერს პაატა კუნჭულია.
BM.GE
წყარო: bm.ge