
ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ელექტროსისტემას 6 ეგხ-ს პროექტისთვის ₾21.8 მილიონს გამოუყოფს - განკარგულება
მთავრობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 6 ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის ₾21.8 მილიონის გამოყოფა დაავალა.
სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ხელშეწყობისთვის 2026 წელს განსახორციელებელ ღონისძიებების შესახებ მთავრობის 945-ე განკარგულების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრომ მისთვის გათვალისწინებული „სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების პროგრამისთვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან უნდა გამოუყოს.
21 800 000 ლარი დონორი ორგანიზაციების დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე უნდა მიიმართოს:
• 500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ (EU-NIF, KfW); • ჩრდილოეთის რგოლი (EBRD) “ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანური“ (EBRD, EU-NIF, KfW); • 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბო“ (WB); • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW); • კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW); • “ხელედულა-ლაჯანური-ონი“ (EU-NIF, KfW).
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აქედან 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტი მოიცავს, როგორც 500 კვ ეგხ "ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობას, ასევე არსებული ქ/ს "წყალტუბო”-ს გაფართოებას 500 კვ-იანი ფრთით. შემდგომში, არსებულ "წყალტუბო-220”-სა და ახალ ქვესადგურ ,,წყალტუბო-500”-ს შორის მოეწყობა კავშირი.
მათი ცნობით, 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობის პროექტს ახორციელებს თურქული კომპანია Bozlar Yapi (Bozlar Yapi Enerji Muhendislik Taahut Bilisim Sanayi ve Ticaret Limit Sirketi);
500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წლის 5 იანვარს; ეგხ-ის მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2027 წლის მეოთხე კვარტალი.