
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა - რა განიხილეს?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ორხან ზეინალოვს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივ და რეგიონულ ფორმატებში.
"საუბარი შეეხო „მწვანე ენერგიის დერეფანს“, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი პროექტის განვითარებასა და სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტს ისახავს მიზნად.
მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ბულგარეთის ელექტროენერგიის დერეფნის ინიციატივა, რომლის განხორციელებაზეც მუშაობა 2025 წელს დაიწყო და სრულად სახმელეთო “მწვანე დერეფნის” სახით განვითარდება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვასა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფას.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი, ასევე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE
წყარო: bm.ge