მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რისკების ალოკაციის მნიშვნელობა ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში
რისკების ალოკაციის მნიშვნელობა ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში

რისკების ალოკაციის მნიშვნელობა ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 18:32|bm.ge

1. სამშენებლო პროექტების მართვა და სახელშეკრულებო ჩარჩოს როლი

სამშენებლო პროექტები, იქნება ეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, საწარმო, ლოგისტიკური ცენტრი თუ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, ყოველთვის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ტექნიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ გამოწვევებთან. ამასთან, რაც უფრო მასშტაბური და ხანგრძლივია პროექტი, მით უფრო იზრდება ისეთი გარემოებების წარმოშობის ალბათობა, რომელთა სრულად პროგნოზირება პროექტის დაწყების ეტაპზე შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, სამშენებლო პროექტის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნიკურ თუ ფინანსურ რესურსებზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად სწორად არის ჩამოყალიბებული მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სწორად შედგენილი ხელშეკრულება ქმნის პროექტის მართვის მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს, ამცირებს გაურკვევლობას და ხელს უწყობს დავებისა და შეფერხებების თავიდან აცილებას.

გამართული სამშენებლო კონტრაქტის დანიშნულებაა ისეთი დაბალანსებული სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტიან განხორციელებას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამშენებლო პროექტებში წარმოქმნილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არასათანადოდ შედგენილი ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, როდესაც გაურკვეველია კონკრეტულ გარემოებაზე პასუხისმგებელი მხარე ან არ არსებობს მისი შედეგების წინასწარ შეთანხმებული რეგულირება.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რისკების სწორი ალოკაცია — პროექტისთვის დამახასიათებელი რისკების იდენტიფიცირება და მათი მხარეთა შორის გონივრული და სამართლიანი განაწილება.

2. სამშენებლო პროექტების ძირითადი რისკები

რისკები თანდაყოლილია პროექტის ყველა ეტაპზე — დაწყებული წინასამშენებლო ფაზიდან, დამთავრებული სამშენებლო და შემდგომი ექსპლუატაციის ეტაპით. საერთაშორისო პრაქტიკაში ისინი, როგორც წესი, რამდენიმე ძირითად კატეგორიად იყოფა:

• ტექნიკური და საინჟინრო რისკები — არასრული ან არასწორი პროექტირება, ბუნდოვანი ტექნიკური მოთხოვნები და სხვ.; • სამშენებლო და შესრულების რისკები — უხარისხო სამუშაოები, ქვეკონტრაქტორების პრობლემები, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, ამინდის გავლენა და სხვა გარემოებები, რომლებიც აფერხებს სამუშაოებს; • ფინანსური და კომერციული რისკები — ფასების ცვლილება, ბიუჯეტის გადაჭარბება, გადახდების შეფერხება, ვალუტის კურსის მერყეობა; • შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი რისკები — უბედური შემთხვევები, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, გარემოზე ზემოქმედება; • ლოგისტიკური რისკები — მასალებისა და ტექნიკის მიწოდების შეფერხება, ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული სირთულეები; • საზოგადოებრივი და პოლიტიკური რისკები — საპროტესტო მოძრაობები, მიწის საკითხები, საკანონმდებლო ცვლილებები; • მიღება-ჩაბარებისა და ექსპლუატაციის რისკები — საბოლოო ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვებისა და პერსონალის მზადყოფნის საკითხები.

ამ მრავალფეროვანი რისკების გათვალისწინებით, მათი ეფექტიანი მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ რისკების სწორი განაწილებაა.

3. რისკების ალოკაციის საერთაშორისო პრინციპები

საერთაშორისო პრაქტიკა ემყარება მხარეებს შორის რისკების სამართლიან გადანაწილებას. კერძოდ კი, რისკების გადანაწილებისას მხარეებმა პასუხი უნდა გასცენ ხუთ საკვანძო შეკითხვას:

• ვინ აკონტროლებს რისკის გამომწვევ მოვლენას; • ვის შეუძლია ამ რისკის უფრო ეფექტიანად მართვა ან თავიდან არიდება; • რა იქნება ამ რისკის მეორე მხარისთვის გადაცემის ღირებულება; • ვის აქვს უკეთესი შესაძლებლობა გაუძლოს რისკის ფინანსურ შედეგებს; • ვინ არის პასუხისმგებელი ისეთ მოვლენებზე, რომლებიც ორივე მხარის კონტროლს მიღმაა.

ეს პრინციპები დღეს პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტული ფორმის საფუძველს წარმოადგენს.

4. რისკების არასწორი გადანაწილება – პრობლემა სამშენებლო კონტრაქტებში

სამწუხაროდ, საქართველოში, იმ ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში, სადაც არ გამოიყენება საერთაშორისო სტანდარტული კონტრაქტები, როგორიცაა FIDIC, ხშირად გვხვდება ორი ძირითადი პრობლემა.

პირველი — რისკები საერთოდ არ არის განსაზღვრული.

მეორე — რისკების ნაწილი განსაზღვრულია, მაგრამ პასუხისმგებლობა დაკისრებულია იმ მხარეს, რომელსაც მათი კონტროლი ობიექტურად არ შეუძლია. მაგალითად, ხშირად კონტრაქტორი პასუხისმგებელია ისეთ გარემოებებზეც, როგორიცაა: დამკვეთის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში განსხვავებული გეოლოგიური პირობები; დამკვეთის ინსტრუქციების დაგვიანება; პროექტში ცვლილებების აუცილებლობა; სამუშაოების შეჩერება დამკვეთთან დაკავშირებული მიზეზებით; ადმინისტრაციული შეფერხებები.

5. რატომ ზრდის რისკების არასწორი გადანაწილება პროექტის ფასს?

არსებობს მარტივი ეკონომიკური წესი: რაც უფრო მეტი რისკი ეკისრება კონტრაქტორს, მით უფრო ძვირი უნდა იყოს პროექტი.როგორც წესი, თუ კონტრაქტორს ევალება ისეთი რისკების ტარება, რომელთა კონტროლი არ შეუძლია, იგი ამ რისკების მოსალოდნელ შედეგებს წინასწარ ასახავს თავის ფასში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკის რეალიზების შემთხვევაში მას ფინანსური ზარალი მიადგება.

შედეგად, წარმოდგენილი ფასი ხშირად მოიცავს არა მხოლოდ სამუშაოების რეალურ ღირებულებას, არამედ სხვადასხვა რისკის ღირებულებასაც.

განსხვავებული მდგომარეობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებულ სამშენებლო ხელშეკრულებებში, სადაც კონტრაქტორს (მიმწოდებელს) ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად არ აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ განაფასოს და ფასში ასახოს მასზე დაკისრებული რისკები. ამის მიზეზია ის, რომ როგორც ხელშეკრულების საერთო ღირებულების ზედა ზღვარი, ისე ერთეულის ფასები, როგორც წესი, წინასწარ არის განსაზღვრული და არ ტოვებს სივრცეს ისეთი რისკების ღირებულების გათვალისწინებისთვის, რომელთა რეალიზების ალბათობა პროექტის განხორციელების პროცესში არსებობს.

შედეგად, იქმნება ვითარება, როდესაც კონტრაქტორი დგას არჩევანის წინაშე: ან საკუთარ თავზე აიღოს ისეთი რისკები, რომელთა სათანადო განფასების შესაძლებლობაც არ ჰქონია და მათი რეალიზაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი განიცადოს, რაც საბოლოოდ საფრთხეს უქმნის პროექტის დროულ და ხარისხიან განხორციელებას, ან საერთოდ უარი თქვას შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე.ორივე შემთხვევაში ზიანი ადგება თავად შესყიდვის სისტემას. ერთი მხრივ, რისკების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილმა ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება შეაფერხოს სამუშაოების შესრულება და დააყოვნოს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, რაც თავად დამკვეთისთვის იწვევს ფინანსურ და ადმინისტრაციულ დანაკარგებს. მეორე მხრივ, როდესაც ხელშეკრულება კონტრაქტორს არაპროპორციულ და განუფასებელ რისკებს აკისრებს, მცირდება კვალიფიციური კომპანიების დაინტერესება, ტენდერებში მონაწილეთა რაოდენობა და, შესაბამისად, კონკურენციის დონე. ეს კი საბოლოოდ ამცირებს დამკვეთის შესაძლებლობას, მიიღოს ოპტიმალური ფასი და ხარისხი.ამდენად, რისკების არასწორი ალოკაცია პრობლემას უქმნის არა მხოლოდ კონტრაქტორს, არამედ უშუალოდ დამკვეთსა და მთლიანად პროექტის წარმატებით განხორციელებას.

6. რატომ არის რისკების სწორი ალოკაცია დამკვეთის ინტერესშიც?

ბევრ შემთხვევაში დამკვეთისთვის უფრო მიზანშეწონილი შეიძლება იყოს კონკრეტული რისკის საკუთარ პასუხისმგებლობაში დატოვება, ვიდრე მისი წინასწარ გადაცემა კონტრაქტორისთვის. ამის მიზეზი მარტივია — თუ რისკი კონტრაქტორს ეკისრება, იგი ამ რისკის სავარაუდო ღირებულებას თავიდანვე ასახავს პროექტის ფასში.

მეორე მხრივ, როდესაც რისკი დამკვეთის პასუხისმგებლობის სფეროში რჩება, პროექტის საწყისი ღირებულება მცირდება და დამატებითი ხარჯის გაწევის აუცილებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ შესაბამისი რისკი რეალურად დადგება.

ეს მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა განსხვავებული გეოლოგიური პირობების მაგალითზე. წარმოვიდგინოთ 30-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. პრაქტიკულად შეუძლებელია ყოველ 100 მეტრში ჩატარდეს ბურღვითი კვლევა იმ მიზნით, რომ სრულად გამოირიცხოს განსხვავებული გეოლოგიური პირობების არსებობა. ყველაზე დეტალური კვლევების შემთხვევაშიც კი გარკვეული ხარისხის გაურკვევლობა ყოველთვის რჩება.

ამავდროულად, ეკონომიკური თვალსაზრისით, ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი, რომ დამკვეთმა წინასწარ გასწიოს მნიშვნელოვანი დანახარჯები ფართომასშტაბიანი კვლევების ჩასატარებლად მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროს აღნიშნული რისკი. რიგ შემთხვევებში გაცილებით ეფექტიანია, დამკვეთმა ჩაატაროს გონივრული მოცულობის კვლევები, ხოლო განსხვავებული გეოლოგიური პირობების რისკი საკუთარ პასუხისმგებლობად შეინარჩუნოს. ასეთ შემთხვევაში დამატებითი ხარჯის გაწევა მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ მშენებლობის პროცესში რეალურად გამოვლინდება ისეთი გეოლოგიური პირობები, რომლებიც წინასწარი კვლევებით ვერ იქნა იდენტიფიცირებული.

თუ აღნიშნული რისკი მთლიანად კონტრაქტორს გადაეცემა, იგი იძულებული იქნება თავის ფასში გაითვალისწინოს არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ ყველაზე არახელსაყრელი სცენარიც. შედეგად, დამკვეთი თავიდანვე გადაიხდის უფრო მაღალ თანხას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშენებლობის პროცესში რაიმე გეოლოგიური პრობლემა საერთოდ არ გამოვლინდება.

ალტერნატიული მიდგომის პირობებში კი, როდესაც განსხვავებული გეოლოგიური პირობების რისკი დამკვეთთან რჩება, პროექტის საწყისი ღირებულება, როგორც წესი, უფრო დაბალია, ხოლო დამატებითი ანაზღაურების საჭიროება მხოლოდ რისკის რეალური დადგომის შემთხვევაში წარმოიშობა.

ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით, სწორედ ეს წარმოადგენს რისკების სწორი ალოკაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას — დამკვეთი იხდის არა ჰიპოთეტური რისკების, არამედ მხოლოდ რეალურად დამდგარი გარემოებების ფასს.

7. რისკების რეალიზაცია და კონტრაქტორის მოთხოვნები

კონტრაქტში რისკის სწორად განაწილება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თანაბრად მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს, თუ რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს კონტრაქტორს კონკრეტული რისკის რეალიზების შემთხვევაში.

მოთხოვნების კატეგორიზაციის მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია FIDIC-ის მიდგომა, რომელიც მკაფიოდ აყალიბებს კონტრაქტორის (მიმწოდებლის) მოთხოვნათა ტიპებს, კერძოდ მოთხოვნები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად:

(I) საერთო რისკების რეალიზაციის შემთხვევაში (მაგალითად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოწვეული შესრულების დაგვიანება, კანონმდებლობის ცვლილებიდან გამომდინარე შესრულების გაძვირება ან/და დაგვიანება და სხვ), რომელიც ორივე მხარის რისკია — კონტრაქტორს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შესრულების ვადის გახანგრძლივება, თუმცა არ აქვს უფლება მოითხოვოს ამ ვადის გახანგრძლივებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება.

(II) რისკები, რომლებიც მიეკუთვნება დამკვეთის (შემსყიდველის) პასუხისმგებლობის სფეროს (მაგალითად: განსხვავებული გეოლოგიური პირობები, მათ შორის არქეოლოგიური ნიმუშის აღმოჩენა ობიექტზე, და სხვ), თუმცა მაინცდამაინც არ უკავშირდება დამკვეთის მოქმედებას ან უმოქმედობას, — ასეთ შემთხვევაში კონტრაქტორს ენიჭება როგორც ვადის გახანგრძლივების, ასევე ამ ვადის გახანგრძლივებით წარმოქმნილი დამატებითი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

(III) რისკები, რომლებიც გამომდინარეობს დამკვეთის (შემსყიდველის) ბრალეული ქცევიდან ან მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობიდან — მაგალითად, სამშენებლო მოედნის ხელმისაწვდომობის დაკარგვა, საპროექტო დოკუმენტაციის ან ინსტრუქციების დაგვიანება და სხვა. ამ კატეგორიაში კონტრაქტორს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ შესრულების ვადის გახანგრძლივება და დამატებითი ხარჯები, არამედ მიუღებელი მოგებაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდელობა არ ზღუდავს კონკრეტული სახის მოთხოვნების დაკავშირებას სხვადასხვა ტიპის რისკებთან, ისე როგორც ეს არის FIDIC-ის ხელშეკრულებებში. შესაბამისად, სამართლიანი და პრაქტიკულად გამართლებული იქნება, თუ სამშენებლო ხელშეკრულებებში არა მხოლოდ რისკების ალოკაცია, არამედ რისკების რეალიზაციის შემთხვევაში, მოთხოვნების ჩამონათვალიც იქნება.

სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად შეინიშნება დამოკიდებულება, თითქოს კონტრაქტორის მიერ მსგავსი მოთხოვნების დაყენება თავად კონტრაქტორის განსაკუთრებული სარგებლის მიღების მცდელობას წარმოადგენს. სინამდვილეში, დამატებითი ხარჯებისა და ვადის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა იმ რისკის ფინანსური შედეგი, რომელიც თავიდანვე დამკვეთის მხარეზე იყო მიკუთვნებული. . თუ დამკვეთმა კონტრაქტის გაფორმებისას კონკრეტული რისკი საკუთარ თავზე დაიტოვა და ამის სანაცვლოდ პროექტში, სავარაუდოა, რომ უფრო დაბალი ფასი გადაიხადა, სრულიად ბუნებრივია, რომ რისკის რეალიზების შემთხვევაში სწორედ მან უნდა გაიღოს შესაბამისი დამატებითი ხარჯი.

სხვა შემთხვევაში ირღვევა თავად რისკების განაწილების პრინციპი და კონტრაქტორი აღმოჩნდება პასუხისმგებელი იმ გარემოებებზე, რომელთა ტარების საფასურიც თავდაპირველად არ მიუღია.

8. არსებული ხელშეკრულებების გაუმჯობესების პერსპექტივები

სამშენებლო პროექტებში რისკების მართვის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს FIDIC-ისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტული კონტრაქტების უფრო ფართო გამოყენება ან, სულ მცირე, მათი ძირითადი პრინციპების ადგილობრივ სახელშეკრულებო პრაქტიკაში გადმოტანა. კერძოდ, მიზანშეწონილია, რომ კონტრაქტებმა მკაფიოდ განსაზღვრონ პროექტისთვის დამახასიათებელი ძირითადი რისკები, თითოეული მათგანი მიაკუთვნონ იმ მხარეს, რომელსაც მისი მართვა ან კონტროლი უკეთ შეუძლია, და წინასწარ დაარეგულირონ რისკის რეალიზების სამართლებრივი შედეგები.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყოს არა მხოლოდ რისკების განაწილება, არამედ ის მოთხოვნებიც, რომლებიც მხარეს შეიძლება წარმოეშვას რისკის რეალიზების შემთხვევაში, მათ შორის ვადის გახანგრძლივების, დამატებითი ხარჯების ან სხვა შესაბამისი კომპენსაციის სახით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უფრო პროგნოზირებადი, დაბალანსებული და ეფექტური სამშენებლო კონტრაქტების ჩამოყალიბებას.

ქეთევან შერვაშიძე

PwC საქართველოს იურიდიული პრაქტიკის მენეჯერი

FIDIC-ის სერტიფიცირებული კონტრაქტების მენეჯერი

სამშენებლო სამართლის სპეციალისტი

ketevan.shervashidze@pwc.com

------------------

PwC-ის შესახებ

PwC-ში ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს ნდობის განმტკიცებასა და ტრანსფორმაციაში, რათა მათ კომპლექსური გამოწვევები კონკურენტულ უპირატესობად აქციონ. ჩვენ ვართ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული და ადამიანების შესაძლებლობებით გაძლიერებული გლობალური ქსელი, რომელიც 130-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე 360,000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურებების, საგადასახადო და იურიდიული მომსახურებების, გარიგებებისა და საკონსულტაციო მიმართულებებით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს შექმნან, დააჩქარონ და შეინარჩუნონ განვითარების ტემპი. www.pwc.com/ge

© 2026 PwC საქართველო. ყველა უფლება დაცულია. PwC საქართველო გულისხმობს საქართველოში მოქმედ წევრ ფირმათა ჯგუფს და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გულისხმობდეს PwC-ის ქსელს.თითოეული წევრი ფირმა წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.pwc.com/structure

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

BM.GE

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

BM.GE

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

BM.GE

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

BM.GE