
საქართველოს რკინიგზაში განახლება იწყება - რას მოიცავს პროექტი?
საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება, რომელიც ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვნად განახლებას ითვალისწინებს - ამის შესახებ დღეს, 5 მაისს პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
კერძოდ, რკინიგზა გეგმავს 50-მდე ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას.
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლების პარალელურად გაიზარდა გადაზიდვის წონები და მატარებლის შემადგენლობაში ვაგონების რაოდენობა. ამასთან, მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო მატარებლებზე გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც. საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს. ამასთანავე, უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი, ასევე სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია.
უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს ახალი მიმართულებები: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი დაემატება. ზაფხულის სეზონიდან კი მატარებლები მგზავრებს თბილისიდან ბათუმში ოთხ საათში ჩაიყვანენ. ასევე, იგეგმება ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის აღდგენა. ე.წ. „კუკუშკა“ მგზავრებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, ისტორიული განახლების პარალელურად, მზარდია საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლებიც. ბოლო ერთ წელიწადში გატარებული საკადრო ოპტიმიზაციის, საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების, არსებული ხელშეკრულებების გადახედვისა და რესურსების დაზოგვის შედეგად, რკინიგზა საოპერაციო შემოსავლებისა და მოგების ნაწილში მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს
"საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტის პირობებში საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან ერთად, განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია, გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვა და ამ მიმართულებითაც გარკვეული თანხების დაზოგვა. აღსანიშნავია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა ჯამურმა თანხამ 230 მლნ ლარს გადააჭარბა, იმავდროულად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანი პროგრესია რენტაბელობის კუთხითაც - საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 36%-მდე გაიზარდა, ხოლო მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა 30%-ით გაუმჯობესდა.
იმავდროულად, ქვეყნის გადაკვეთის დრო 20%-ით შემცირდა. მნიშვნელოვანი პროგრესია გაციფრულების მიმართულებითაც - ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაციფრულდა სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 7.5-ჯერ (15-დან 2 სთ-მდე)
უკვე განხორციელებული ცვლილებების გარდა, სატვირთო და სამგზავრო პარკის განახლებით, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაციითაა და სამგზავრო მიმართულებების ხელმისაწვდომობის გაზრდით, საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
როგორც სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ტრადიციული მარშრუტების სიმყიფე და ახალი, სანდო დერეფნების საჭიროება გამოკვეთა, რამაც შუა დერეფანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი ლოგიკური შედეგია და ქვეყანა მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც სტაბილურობისა და ხარისხის გარანტმა პარტნიორმა. აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, შუა დერეფანი უკვე ყალიბდება გლობალური ვაჭრობის რეალურ და კონკურენტუნარიან ალტერნატივად",- აღნიშნულია პრესრელიზში.
„ისტორიული განახლების“ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად დაესწრო.
BM.GE
წყარო: bm.ge