
"ყოველ მომდევნო წელს მომხმარებელს ახალ პროექტს შევთავაზებთ" - TEMPO-ს განვითარების გეგმები
დეველოპერულმა კომპანია TEMPO-მ ბათუმის ახალ ბულვარში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის - Queen's Residence-ის მშენებლობის პირველი ეტაპი დაასრულა და პროექტის A ბლოკი ოფიციალურად გახსნა.
დეველოპერულ სექტორში პროექტების ვადების დაცვა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო გრაფიკის სრული სიზუსტით შესრულება მათთვის უმთავრესი კორპორაციული პრინციპია - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში TEMPO-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი გასიტაშვილი საუბრობს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამშენებლო სექტორის კომპლექსურობის მიუხედავად, TEMPO-ს ბიზნესმოდელი დაარსების მომენტიდან დაპირებების ზუსტი შესრულებაა.
"რეალურად თვითონ მშენებლობა ისეთი რთული და კომპლექსური პროცესია, რომ მართლაც რთულია ხოლმე ზუსტად იმის შესრულება, რასაც დაგეგმავ. თუმცა ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ მაშინ, როდესაც კომპანია დავაფუძნეთ და ჩვენი მთავარი ბრენდის სტრატეგია ამაზე ავაგეთ - ჩვენი მიზანია ზუსტად ისე შევასრულოთ პროექტები, როგორსაც ჩვენს ინვესტორებს დავპირდით.
22 სექტემბერი ამის პირველი მაგალითი და დადასტურება იყო. ჩვენთვის ძალიან საამაყო დღე იყო, რომ 2024 წლის მაისის თვეში დაწყებული მშენებლობა, სულ რაღაც ორ წელიწადსა და რამდენიმე თვეში ხელშესახებ რეალობად ვაქციეთ და ზუსტად ისე დავასრულეთ პროექტი, როგორც დავპირდით ჩვენს მომხმარებელს", - აცხადებს ვალერი გასიტაშვილი.
დეველოპერის განმარტებით, ვადებისა და სტანდარტების დაცვას განაპირობებს ის გამოცდილება, რომელიც გუნდს პროექტების მართვის მიმართულებით აქვს. Queen's Residence-ის მშენებლობის პროცესს ჰოლდინგში შემავალი კომპანია უძღვებოდა.
"რაც შეეხება ამის მოხერხებას: დეველოპერულ საქმიანობამდე ბევრი წელი ვსაქმიანობდით სამშენებლო პროექტების მართვის სფეროში. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა, რაც გაგვაჩნია. ჩვენივე ჰოლდინგში გაწევრიანებულია პროექტების მართვის კომპანია SITA, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესის კომპლექსურ მართვას", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ვალერი გასიტაშვილის თქმით, TEMPO-სთვის ხარისხი მხოლოდ ტექნიკური პარამეტრებით არ შემოიფარგლება და ის მომხმარებელთან ურთიერთობის სრულ ციკლს მოიცავს.
"ჩვენ ხარისხს არ ვუყურებთ როგორც მხოლოდ, პირობითად, კარგად შესრულებულ არქიტექტურას ან სწორად მიღებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის ხარისხი სრულ, კომპლექსურ პროცესს მოიცავს. მათ შორის: დაგეგმვის დღიდან - როდესაც არქიტექტურაზე ვმუშაობთ და ვამუშავებთ პროექტის კონცეფციას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ადამიანებზე მორგებული; შემდეგ მოდის უშუალოდ შესრულების პროცესი და მშენებლობის კონტროლი; შემდეგ კი - გადაბარება-დასრულების პროცესი და გაყიდვის შემდგომი მომსახურება.
ჩვენი ყოველი მომდევნო პროექტი და ნებისმიერი ნაბიჯი ამ იდეაზე ფუძნდება, რომ მომხმარებელს შევუქმნათ სრული გამოცდილება საწყისიდან ბოლო ეტაპამდე, და მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ის უკვე დაიწყებს თავისი ქონებით სარგებლობას და ამ ინვესტიციით სარგებლის მიღებას", - ამბობს ვალერი გასიტაშვილი.
კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, Queen's Residence-ის პირველი ფაზის დასრულება მხოლოდ საწყისია უფრო მასშტაბური ურბანული გეგმის, რომელსაც დეველოპერი უახლოეს ოთხ წელზე გაწერს:
"Queen's Residence-ის A ბლოკის - ანუ კომპლექსი ორი ბლოკისგან შედგება - დათქმულ დროში დასრულება ჩვენთვის მხოლოდ საწყისი ეტაპია იმ დიდი გეგმისა და ფორმირების, რასაც Tempo City-ს ვეძახით.
მომდევნო წელს, 2027 წელს იგეგმება Queen's Residence-ის B ბლოკის ექსპლუატაციაში შესვლა. 2028 წელს ასევე დაემატება Serenade by Tempo და იქვე, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს კიდევ დაახლოებით 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების პროცესი. შესაბამისად, ყოველ მომდევნო წელს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გვექნება ფუფუნება, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი პროექტი. საბოლოოდ კი მივიღებთ Tempo City-ს, რომელიც იქნება ერთ-ერთი ურბანული განვითარების წერტილი ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე", - განმარტავს ვალერი გასიტაშვილი.
დეველოპერული კომპანია TEMPO ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანიის პორტფელი ამ ეტაპზე 90 000 კვადრატულ მეტრზე მეტ მიმდინარე სამშენებლო ფართობს აერთიანებს. Queen's Residence-ის პარალელურად, დეველოპერი ორ მასშტაბურ პროექტს ავითარებს: Serenade by Tempo-ს (რომელიც Tempo City-ს ტერიტორიაზე შენდება) და Sensa by Tempo-ს ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. კომპლექსები მოიცავს სრულ შიდა ინფრასტრუქტურას: სარეკრეაციო ზონებს, საცურაო აუზებს, სპორტულ და სარესტორნო სივრცეებს.
BM.GE
წყარო: bm.ge