
HRW აშშ-ის კონგრესს თურქეთიდან უკრაინაში კასეტური იარაღის გადაცემის დაბლოკვას სთხოვს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, შეაჩეროს თურქეთიდან უკრაინაში ათიათასობით მოძველებული კასეტური საბრძოლო მასალის, რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების შესაძლო გადაცემა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთმა შეერთებული შტატებისგან უკვე ითხოვა შესაბამისი ნებართვა 256 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებაზე. სამხედრო პაკეტი მოიცავს: M270 ტიპის 12 სარაკეტო გამშვებს, M39 ATACMS ტიპის 70 ბალისტიკურ რაკეტას, M26 ტიპის 2 524 რაკეტას, M509A1 ტიპის 203 მმ-იანი კალიბრის 47 000 საარტილერიო ჭურვს.
HRW-ის განმარტებით, თურქეთის მარაგებში ათწლეულების განმაავლობაში არსებული ეს იარაღი საერთო ჯამში 10 მილიონზე მეტ კასეტურ საბრძოლო ელემენტს შეიცავს.
უფლებადამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 30 წელზე მეტი ხნის არაზუსტი და არასაიმედო საბრძოლო მასალის საბრძოლო ზონაში გაგზავნა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.
„მოძველებული კასეტური საბრძოლო მასალის კონფლიქტის ზონებში გადატანა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ საფრთხეს წარმოადგენს, რაც პროგნოზირებადია. 30 წელზე მეტი ხნის ამ არაზუსტი და არასაიმედო საბრძოლო მასალის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე სწორედ ის მიზეზია, რის გამოც 112-მა ქვეყანამ კასეტური საბრძოლო მასალის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებით ეს იარაღი აკრძალა“, — განაცხადა HRW-ის ვაშინგტონის ოფისის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლ ვიდერშაიმმა.
მისივე თქმით, ამ ტიპის იარაღი სამიზნეებზე აცდენისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხანგრძლივი დაზიანების მაღალი რისკით ხასიათდება, რის გამოც მათი გამოყენება დაუშვებელია. Human Rights Watch-ი შეახსენებს კონგრესს, რომ მას აქვს სრული უფლებამოსილება, განიხილოს აღნიშნული ტრანზაქცია და სპეციალური რეზოლუციით დაბლოკოს იარაღის გაყიდვა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge