4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მათ შორის ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც გარე ძალები უწყობდნენ ხელს.
„ევროპარლამენტი და მათი გადაწყვეტილებები რეალურად საინტერესო არ არის, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს მიდგომას იმ მძიმე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. თქვენ იცით, რომ მთელი თვეების განმავლობაში პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ გარე ძალები, კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლები. ისინი ხელს უწყობდნენ, ეხმარებოდნენ ამ პროცესებს და 4 ოქტომბერს გადაწყვიტეს ამ კამპანიის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოყვანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად დამნაშავე პირები დააკავეს, თუმცა სახელმწიფომ მათ მიმართ ჰუმანური მიდგომა გამოიჩინა.
„ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება, გვყავს კონკრეტული დამნაშავეები დაკავებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, ხაზი მინდა გავუსვა სახელმწიფოს ჰუმანურ დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ, რადგან ის პიროვნებები, ვინც დანაშაული აღიარეს, დღეს თავისუფლები არიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
