პუტინი რომ “დიდი რვიანის” წევრად დარჩენილიყო, შესაძლოა, ახლა უკრაინაში ომი არ ყოფილიყო - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი „დიდი რვიანის“ (G8) წევრად რომ დარჩენილიყო, შესაძლოა, უკრაინაში ომი არ დაწყებულიყო.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის, ფლორიდაში დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას, ტრამპმა გაიხსენა, რომ რუსეთი G8-დან გარიცხეს, რის შემდეგაც ფორმატი G7-ად ჩამოყალიბდა.
„იცით, როდესაც ის G8-ის წევრი იყო, რომ დარჩენილიყო, შესაძლოა, ახლა ეს ომი არ ყოფილიყო. პრეზიდენტ ობამას მისი გარიცხვა სურდა. პუტინი ამ გადაწყვეტილებით ძალიან განაწყენდა. ახლა კი ეს G7-ია“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
„მჯერა, რომ ეს რომ არ გაეკეთებინათ - ნამდვილად მტკიცედ ვარ ამაში დარწმუნებული - ახლა ეს ომი არ გვექნებოდა. პირველ ლედის იქ ჩასვლა და ხალხის გასაყვანად ზავის მიღწევის მცდელობა არ მოუწევდა“, - დასძინა ტრამპმა და მელანია ტრამპის ოლეშკის ჰუმანიტარული მისია გაიხსენა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ თავად არ დაუჭერდა მხარს რუსეთის G8-დან გარიცხვას, იმ შემთხვევაში, თუ იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი იქნებოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ სურს, ვლადიმირ პუტინი ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის სამიტს დაესწროს, მიუხედავად იმისა, რომ ეს „ზოგიერთს არ მოსწონს“.
„ჩვენ რუსეთსა და უკრაინაზე ვსაუბრობთ. მე ვთქვი: განა კარგი არ იქნებოდა, რუსეთი დარბაზში რომ ყოფილიყო? თუ მას მოსვლა სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ვისურვებდი, რომ იყოს“ - თქვა ტრამპმა.
