
ინდოელმა გარდაცვლილი დის ჩონჩხი ბანკში მიიტანა, რათა მისი კუთვნილი თანხა მიეღო
ინდოეთში, ოლიშას შტატში კაცმა ბანკში დის ნეშტი მიიტანა, რათა მისი გარდაცვალება დაემტკიცებინა და ანგარიშზე წვდომა მოეპოვებინა.
59 წლის ჯიტუ მუნდამ, დის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, მისი ანგარიშიდან 19 300 რუპიის (დაახლოებით 630 ლარი) გატანა სცადა. ქალმა ეს თანხა საქონლის გაყიდვით დააგროვა. მას პირდაპირი მემკვიდრეები არ ჰყავდა - ძმა მისი ერთადერთი ცოცხალი ნათესავი იყო. მუნდამ ბანკის განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა თანამშრომლები გარდაცვალების დამადასტურებელ საბუთს ან ანგარიშის მფლობელის პირად გამოცხადებას სთხოვდნენ.
მუნდამ ვერ შეძლო გარდაცვალების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების წარდგენა, ბანკის თანამშრომლებმა კი სიტყვაზე არ დაიჯერეს. საბოლოოდ, კაცმა დის საფლავი გათხარა და ჩონჩხი ბანკში ნივთმტკიცების სახით მიიტანა.
ბანკმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მსგავსი რამ მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას ითხოვდნენ. ბანკის წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, პროცედურების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია, თანხა კი კანონიერ მემკვიდრეებს უკვე გადაეცა.
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მუნდა დაამშვიდეს და დაჰპირდნენ, რომ თანხის მიღებაში დაეხმარებოდნენ. ქალის ნეშტი სამართალდამცავების თანდასწრებით ხელახლა დაკრძალეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
იმედი
წყარო: imedinews.ge