
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ყრილობა ივლისის ბოლოს ჩაინიშნება
მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა თვის ბოლოს ჩაინიშნება. სააკაშვილი პრაქტიკულად ახალი პარტიის აშენებას აანონსებს და წერს, რომ შეიქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
„ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შიდაპარტიული რეფორმებისთვის. ამავდროულად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა რეჟიმს არ მივცეთ რაიმე დამატებითი, ფორმალური საბაბი ჩვენს გასაუქმებლად. ამიტომ, ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. დიქტატურის ჩარევის პირობებში, ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობაც სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ის ციხეშია არის ჩვენი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
მე ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პრაქტიკულად ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც. ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმდჯომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად, არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა. პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები“, - წერს სააკაშვილი.
დღეიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარე აღარ ჰყავს. თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ვინ შეცვლის ბოკუჩავას, უცნობია.
იმედი
წყარო: imedinews.ge