
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მორიგი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ დასტურდება სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. აღნიშნული რეგულაცია გამორიცხავს სტუდენტის ჩარიცხვას უცხოენოვან პროგრამაზე ისე, რომ რეალურად არ ფლობდეს შესაბამის ენობრივ კომპეტენციას. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა.
ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სწავლის დასრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია ასახოს ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომელზეც წვდომა ექნებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება.
