
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შვილს სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ქოჩარიანის ადვოკატის ალექსანდრე კოჩუბაევის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ვიზიტებიც შეუზღუდეს. გამონაკლისს მისი მეუღლე და შვილები წარმოადგენენ.
მანამდე სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ექვსი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, მისი ვაჟი და სხვა პირები, რომლებიც, უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული.
ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადების თანახმად, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რობერტ ქოჩარიანმა მასთან დაახლოებულ პირებთან წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა ფიქციური საფუძვლით, სახელმწიფო საკუთრებიდან გამოყო და საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა საზოგადოებრივი და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე არაერთი ძვირადღირებული ქონება.
ანტიკორუფციულმა კომიტეტმა სასამართლოს ასევე მიმართა რობერტ ქოჩარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. თუმცა, სასამართლო სხდომა მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მას შემდეგ გაიმართება, რაც ყოფილი პრეზიდენტი გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებს გაივლის.
გუშინ რობერტ ქოჩარიანმა ანტიკორუფციულ კომიტეტში ყოფნისას თავი შეუძლოდ იგრძნო და ის სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის ამ დრომდე რჩება.
იმედი
წყარო: imedinews.ge