
თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე: საქართველოს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორი
საქართველოს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) საუბრისას, რომელსაც ბათუმი 7-8 სექტემბერს მასპინძლობს.
თამარ იოსელიანის თქმით, ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს საზღვაო სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.
„7-8 სექტემბერს ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება. აღნიშნული ფორუმი არის შესაძლებლობა იმისა, რომ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სექტორში ხდება. შესაბამისად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ ფიქრობს განავითაროს სატრანსპორტო სექტორი. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მწყობრი და თანმიმდევრული გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სექტორი, როგორ გავიმყაროთ როლი შუა დერეფნის კონტექსტში და ვიყოთ საიმედო დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.
იმედი
წყარო: imedinews.ge