
ვატო შაქარიშვილი: იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მოღალატეობრივ კამპანიას ექნებოდა კულმინაცია და ეს გააკეთეს კოლექტიურმა გვარამიებმა, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს და მისი, როგორც „ტრავმული მეხსიერების“ დავიწყება, პრაგმატულ ნაბიჯად წარმოაჩინეს
გვარამიამ რადიკალურად განსხვავებული კონტექსტები იმიტომ გააიგივა ერთმანეთთან, რომ მთავარ სათქმელამდე მისულიყო - ეფემერული ევროინტეგრაცია უნდა იყოს უზენაესი ეროვნული მიზანი და არა საქართველოს გამთლიანება, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, აფხაზეთთან ანუ საქართველოს განუყოფელ ნაწილთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მიერ წამოწყებული მოღალატეობრივი კამპანიის კულმინაცია, კოლექტიურმა გვარამიებმა გააკეთეს, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს.
შაქარიშვილი იხსენებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აგენტურა და მათი პატრონები ცდილობენ ასეთი დისკურსის შემოტანას და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობისკენ მიანიშნებენ.
“იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან ანუ საქართველოს განუყოფელ ნაწილთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მიერ წამოწყებულ მოღალატეობრივ კამპანიას, ექნებოდა საკუთარი კულმინაცია და ეს გააკეთეს კოლექტიურმა გვარამიებმა, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს და მისი, როგორც “ტრავმული მეხსიერების” დავიწყება, პრაგმატულ ნაბიჯად წარმოაჩინეს.
გვარამიამ რადიკალურად განსხვავებული კონტექსტები იმიტომ გააიგივა ერთმანეთთან, რომ მთავარ სათქმელამდე მისულიყო - ეფემერული ევროინტეგრაცია უნდა იყოს უზენაესი ეროვნული მიზანი და არა საქართველოს გამთლიანება. უფრო მეტიც, რომ ერთი - მეორეს ხელს უშლის, თითქოს განვითარება და კეთილდღეობა ახლოსაა, ხოლო ის, რომ ოკუპირებული რეგიონები გვახსოვს და მხოლოდ მშვიდობით გვსურვს ქვეყნის გაერთიანება, იქამდე მისასვლელ გზას გვიხერგავს.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აგენტურა და მათი პატრონები ცდილობენ ასეთი დისკურსის შემოტანას. გვახსოვს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადება, ალიანსში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შესვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ასევე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გამხმოვანებელი ანალიტიკოსის, ლუკ კოფის მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან თქვა: “თუ საქართველოს NATO-ში მალე გაწევრიანება სურს, ჩვენ ამას პრაგმატულად უნდა მივუდგეთ - ახლა NATO-ს წევრობას მისი ტერიტორიების ოკუპაცია აფერხებს.”
იგივე ნარატივები გვესმის უკრაინასთან მიმართებაში, უკვე საუბარია ტერიტორიულ კომპრომისებზე, საპირწონედ კი, მიწასთან გასწორებული, დანაწევრებული წარმონაქმნისთვის ევრო-ატლანტიკური “პერსპექტივის” შენარჩუნებას აყენებენ… იგივე გვესმოდა 2008 წელს, ტრაგიკულად დასრულებული ავანტიურის შემდეგ, როდესაც 120 სოფელს ქვების გროვას უწოდებდა კოლექტიური ნაცმოძრაობა და გამარჯვებად წარმოაჩენდა, რომ ნაიარევ ქვეყანაში $4 მილიარდი შემოვიდა და საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღება მივიპყარით…
დრო გადის, სცენარი იგივეა, მხოლოდ ტაქტიკები იცვლება ხოლმე - ხან მგზნებარე “პარტიოტიზმს” დაავალებენ აგენტურას, ხანაც “პრაგმატულობას”… საბოლოო მიზანი კი ერთია - საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება!” - წერს ვატო შაქარიშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge