კორუფციული სკანდალები და უწყებებზე ზეწოლის ბრალდებები კიევში - უკრაინის დაფინანსების საკითხზე კრიტიკა სტრასბურგსა და ბუნდესტაგში ისმის
სისხლის სამართლის საქმეში უკანონო ჩარევა, მართლმსაჯულების პროცესის ჩაშლა და საგამოძიებო რეესტრში არსებული მტკიცებულებების განადგურება - ამ ბრალდებებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი უყენებს. Fox News-თან ინტერვიუში, რუსლან კრავჩენკო ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო იძულებაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თანამდებობა, სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი დირექტივის შემდეგ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა.
ხელისუფლების მხრიდან ანტიკორუფციულ უწყებებზე უპრეცედენტო ზეწოლაზე საუბრობს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მოქმედი ხელმძღვანელიც. "უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში ოლექსანდრ კლიმენკო აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კანონმდებლობის იმგვარად შეცვლას ცდილობს, რომ შეუძლებელი გახდეს ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს გარემოცვასთან დაკავშირებული გახმაურებული კორუფციული საქმეების სასამართლოში განხილვა.
კიევში მიმდინარე კორუფციული სკანდალების ფონზე, უკრაინის დაფინანსების საკითხი და ევროკომისიის მიერ წარდგენილი 45-მილიარდიანი სასესხო პაკეტი განიხილეს სტრასბურგში. ევროპარლამენტარების ნაწილმა ბრიუსელი არამიზნობრივ და უკონტროლო ხარჯვაში დაადანაშაულა.
უკრაინის დახმარების საკითხზე მწვავე განცხადებები გაკეთდა ბუნდესტაგშიც, საკანონმდებლო ორგანოში დღეს კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. დოკუმენტი კიევის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 11 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერებმა მთავრობის ხელმძღვანელს შეახსენეს, რომ ბოლო გამოკითხვებით, გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის დაფინანსების გაგრძელებას ეწინააღმდეგება.
ბოლო გახმაურებული გამოძიება ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ხელმძღვანელს, დავით არახამიას უკავშირდება. საქმე "ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერის მიერ უმაღლეს რადაში დეპუტატთა ხმების სავარაუდო ყიდვას ეხება. სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ არახამია კანონმდებლებს საჭირო გადაწყვეტილებების სანაცვლოდ კონვერტებით ურიგებდა ფულს.
"მიდასი", "კართაგენი", "კართაგენი-2", "ფორესტ გამპი", "თემიდა" და "შლაგბაუმი" - ეს იმ სპეცოპერაციების კოდური სახელწოდებებია, რომლებიც უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა ბოლო პერიოდში ჩაატარეს. გამოძიებები ეხება ენერგეტიკის სექტორში, სამხედრო მომარაგებასა და სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილ დანაშაულებრივ სქემებს. საქმეებში ფიგურირებენ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრები, მათ შორის მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი და ყოფილი მინისტრები. საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიონი დოლარის, ევროსა და გრივნის მითვისებაზე.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
