
თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტლის სიახლეებს გაეცნო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტები და განახლებული საოპერაციო ბლოკი დაათვალიერა.
ჰოსპიტლის დირექტორმა, კობა შანავამ მინისტრს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრმა ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან განიხილა მასშტაბური გეგმა, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი და მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულების ტექნიკური შესაძლებლობების სრულ გადახალისებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
საუბარი შეეხო ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგვას, რომელიც სიახლეს წარმოადგენს არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობის მიმართულებით.
ჰოსპიტლის ახალ შენობაში განთავსებულია ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება, რაც საშუალებას იძლევა, სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტებს ერთ სივრცეში შესთავაზოს თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევები და კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები.
აღინიშნა, რომ ჰოსპიტალში სიახლეების დანერგვა გაგრძელდება, რათა პაციენტებმა სრული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
იმედი
წყარო: imedinews.ge